ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების ზეგავლენის შეფასება

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონის პროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლის დაცვას ანტიდემპინგური იმპორტისაგან. კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში ბაზრის აღნიშნული დაცვითი მექანიზმი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.  საგულისხმოა, რომ კანონს ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა ბაზრის  მონაწილეებზე, მაგრამ ეს ზეგავლენა ყველა მოთამაშისათვის არ იქნება ერთგვაროვანი. 

აღნიშნული ანგარიში ემსახურება მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიდემპინგური კანონპროექტის მიმოხილვას, მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასებას სხვადასხვა ჯგუფებზე  და მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებას.

 

დემპინგის პრაქტიკა და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმოხილვა

 

დემპინგი ეკონომიკაში, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო ვაჭრობაში, გავრცელებულ ფასდადების პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის დროსაც კომპანიას გარკვეული საქონელი მეორე ქვეყანაში გასაყიდად (ექსპორტზე) გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად. დემპინგს კომპანიები რიგი მიზეზების გამო მიმართავენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ მიზანს წარმოადგენს უცხოურ ბაზარზე ბაზრის წილის ზრდა და კონკურენტების ბაზრიდან განდევნა ან მათზე უპირატესობის მოპოვება; ასევე, შესაძლოა კომპანიამ დემპინგური ფასდადების პოლიტიკა გამოიყენოს ჭარბი ან მალფუჭებადი პროდუქტისაგან სწრაფად განთავისუფლების მიზნით, რათა თავიდან აიცილოს მისი ვერ  ან არ გაყიდვით გამოწვეული შესაძლო დამატებითი ხარჯები და დანაკარგები.

კომპანიის მიერ დემპინგური პოლიტიკის გამოყენება თამაშის არაკეთილსინდისიერ ფორმად ითვლება, ვინაიდან დემპინგის შედეგად დამდგარი გარკვეული პროდუქციის შეუსაბამოდ დაბალი ფასი უმეტეს შემთხვევაში ვნებს ადგილობრივ ინდუსტრიას. კერძოდ, ადგილობრივი წარმოება, განსაკუთრებით კი მოწყვლადი დარგები, რომლებსაც არ გააჩნიათ წარმოების შედარებითი უპირატესობა, მის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო ვეღარ ახერხებს იმპორტირებული პროდუქციისათვის კონკურენციის გაწევას, შესაბამისად აფერხებს გამოშვების ტემპს და ამცირებს აღნიშნულ ინდუსტრიებში დასაქმებულთა რაოდენობას. დამდგარი შედეგებიდან გამომდინარედა, დემპინგი რიგი საერთაშორისო თუ სავაჭრო ხელშეკრულებებით აკრძალულია.

დემპინგურ პოლიტიკასთან ბრძოლა საერთაშორისო სავაჭრო სივრცეში გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. გლობალური მასშტაბი ამ პროცესმა მიიღო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ფონზე. კერძოდ, 1995 წელს ჩამოყალიბდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების ბაზაზე (General Agreements of Tariffs and Trade, GATT, 1994). WTO-ს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, ანტიდისკრიმინაციული ვაჭრობის უზრუნველყოფა წევრი ქვეყნებისათვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დემპინგის პრაქტიკასთან ბრძოლის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციამ შეიმუშავა ანტი-დემპინგური შეთანხმება. WTO-ს წევრი ქვეყნების ანტიდემპინგურ საკანონმდებლო ბაზას,  სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გაწერილი  ნორმები და ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ WTO-ს წევრობა ავტომატურად არ გულისხმობს ნახსენები საერთაშორისო შეთანხმების იმპლემენტაციას ქვეყნის შიდა საკანონმდებლო ნორმებში და დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე.

ამასთანავე, WTO-ს მოთხოვნების თანახმად, წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია გამოიყენოს ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებები, მანამ სანამ არ უზრუნველყოფს აღნიშნულს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მიღებით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ორგანიზაციის ნორმებთან.  აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ გააჩნია ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რეალური საფრთხის არსებობის, ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში სხვა ბერკეტებითაც (მაგალითად იმპორტის გადასახადის ზრდა ცალკეულ პროდუქციაზე, სატარიფო კვოტები)  შეუძლია მოსალოდნელი ზიანის აცილება.

 

 

საქართველოს კონტექსტი: არსებული მდგომარეობა და შემოთავაზებული კანონის პროექტის მიმოხილვა 

 

1.  საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობის საჭიროების შეფასება

 

საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 2000 წელს გახდა. გაწევრიანებიდან  14 წლის შემდეგ  დაიწყო საქართველოში ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა  და კანონის პირველი ვარიანტი, პარლამენტს წარედგინა 2015 წელს. კანონპროექტის მიღება მას შემდეგ არაერთგზის გადაიდო რიგი გაურკვეველი მიზეზების გამო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ, ასევე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გვავალდებულებს შიდა სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას ევროკავშირის ანტიდემპინგურ რეგულაციებთან.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, როდესაც საუბარს იწყებს ბაზრის რეგულირებასა და თამაშის ახალი წესების დადგენაზე, რომლის გაცხადებულ მიზანს გარკვეულ პრობლემასთან ბრძოლა წარმოადგენს, აუცილებელია პირველ რიგში ვიცოდეთ არსებობს თუ არა პრობლემა, თუ არსებობს რა სახის და მასშტაბის გამოწვევასთან გვაქვს საქმე.  მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ იქნება ეფექტიანი მასთან ბრძოლა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სრულიად გაუმართლებელი იყოს თავდაცვითი მექანიზმისთვის გაღებული ხარჯები;  იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება პრობლემის რეალური იდენტიფიცირება და შესაბამისად, არც დგას მისი მიღების აუცილებელი საჭიროება, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კანონი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირადი ან სხვა სახის მიზნებისათვის და ემსახურებოდეს გარკვეული ჯგუფების ინტერესების დაცვას, რომელიც არ გამომდინარეობს ქვეყნის საერთო ინტერესებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარი თავისი მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს მიმზიდველ გარემოს გამიზნული დემპინგური პოლიტიკის გასატარებლად. დემპინგური პოლიტიკის გატარება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან და იმპორტიორს უნდა უღირდეს აღნიშნული ხარჯის გაწევა, რომელიც შესაძლოა მომავალში დააკომპენსიროს გაყიდვების დიდი რაოდენობით. საქართველოს ბაზრის სიმცირე და მომხმარებლების ძალიან დაბალი მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი კი ამ მხრივ არასახარბიელოა ფართომასშტაბიანი დემპინგური პოლიტიკის გასატარებლად.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, სადაც დემპინგური ღონისძიებების მკაფიო ნიშნები შეინიშნებოდა.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად იმპორტირებულ საქონელზე დაბალი ფასის აღრევა ხდება დემპინგთან, რაც ცალსახად არასწორია. შემოტანილ საქონელზე დაბალი ფასი რიგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული, როგორიცაა მაგალითად პროდუქციის დაბალი ხარისხი, ან მწარმოებელი ქვეყნის შედარებითი უპირატესობა დარგში და შესაბამისად წარმოების დაბალი ხარჯები, რაც შემდგომ საბოლოო ფასს დაბალ ნიშნულზე განსაზღვრას. საქართველოს შემთხვევაში უმეტესწილად აღნიშნულ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან, ქვეყნის შიგნით წარმოება, დარგების უმეტესობაში, დაკავშირებულია მცირე მასშტაბებთან, აღნიშნული აისახება პროდუქციის მაღალ ფასზე და ფასთან მიმართებით კონკურენციას ვერ ვუწევთ ისეთი ქვეყნის მწარმოებლებს სადაც ათჯერ და ასჯერ მეტი მსგავსი პროდუქცია იწარმოება (მასშტაბის ეფექტი).

შესაბამისად, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის მიღება ამ ეტაპზე არ უკავშირდება ბაზარზე დემპინგის პრობლემის გაცხადებულ და დადასტურებულ არსებობას. კანონი, შესაბამისად მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს.

 

2.    კანონპროექტის  მარეგულირებელი ნორმების მიმოხილვა

 

კანონის პროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ განსაზღვრავს ვაჭრობაში დემპინგის შესწავლის,  ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების და გამოყენების წესს; ადგენს დემპინგის მოკვლევაზე უფლებამოსილ ორგანოს და შესწავლის დაწყების საფუძვლებს.

კანონპროექტის თანახმად, დემპინგური იმპორტისას, სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების  განხორციელებას  წინ უძღვის სიღრმისეული შესწავლა, რომლის უფლებამოსილებაც  მიენიჭა სსიპ „კონკურენციის სააგენტო“-ს.  ამისათვის, 2020 წლის ბიუჯეტით, სააგენტოს დაფინანსება 422 000  ლარით გაიზარდა.   სააგენტოს მიერ მომზადებული შესწავლის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას სანქციის დაწესების ან გაუქმების შესახებ, მიიღებს  საქართველოს მთავრობა. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი მთავრობას შეუძლია შემოიღოს არაუმეტეს 5  წლით.

სააგენტო შესწავლას იწყებს ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძელზე, რომელთა მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქტი ერთობლივად შეადგენს მთლიანი ადგილობრივი ინდუსტრიის 50% -ზე მეტს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენელთა მინიმუმ 25% თანახმაა, რომ დაიწყოს შესწავლა.  სააგენტო არ დაიწყებს შესწავლას იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე ქვეყნიდან შესწავლის ობიექტის იმპორტი საქართველოში შეადგენს მსგავსი პროდუქტის მთლიანი იმპორტის 3 %-ზე ნაკლებს ან დემპინგური ზღვარი შეადგენს 2%-ზე ნაკლებს. კანონით დაშვებული გამონაკლისის მიხედვით, შესწავლა შესაძლებელია შეჩერებულ ან შეწყვეტილ იქნას, იმ შემთხვევაში თუ ექსპორტიორი აიღებს ვალდებულებას, გადახედოს ფასებს ან შეწყვიტოს დემპინგური ფასით ექსპორტი.  

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ ეს არ აჩერებს ანტიდემპინგური ღონისძიების მოქმედებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენებისა და რისკების  შეფასება

 

კანონის მიღების დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისაგან, კერძოდ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის  გარე, არაჯანსაღი კონკურენციის თავიდან აცილება, რომელიც პროექტის ინიციატორთა აზრით, ასევე დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს პროდუქტის შემძენ პირებზეც.

აღნიშნული გაცხადებული მიზანი მხოლოდ ცალსახაა და ვერ ასახავს კანონის მოსალოდნელ ზეგავლენას ბაზრის დანარჩენი მონაწილე სუბიექტების  საქმიანობასა და ქცევაზე. აუცილებელია განვიხილოთ ის ზეგავლენებიც, რომელიც გარკვეული საფრთხის მატარებელია ბაზრის დანარჩენი მონაწილეებისათვის.

  • პირველ რიგში, კანონი, საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ადგილობრივი, შედარებით დაბალკონკურენტიანი და მოწყვლადი მწარმოებლებისათვის გახდეს პროტექციონიზმის საშუალება. ადგილობრივი მწარმოებლები, ხშირად არიან არაპროდუქტიულები და ვერ უწევენ იმპორტირებულ საქონელს კონკურენციას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა, ფინანსების ნაკლებობა და ა. შ.. ამავდროულად, ხშირად დემპინგის აღრევა ხდება დაბალფასიან პროდუქციასთან.  აღნიშნული გარემოებები კი, გავლენის მქონე ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნას კონკურენციისათვის თავის არიდების მექანიზმად, პოლიტიკურ ჯგუფებთან ლობირების გზით.  შესაბამისად, დგება რისკი, რომ დემპინგის მოკვლევის საკითხები გახდეს გარკვეული ზეგავლენების ობიექტი. განსაკუთრებით საქართველოსნაირ პატარა და პოლიტიკურად დაუბალანსებელ სახელმწიფოში; აკადემიური ლიტერატურაც ადასტურებს, (Zarnic Z, 2002)  რომ ანტიდემპინგური შესწავლის და სანქციის გამოყენების დროს რიგი გარე პოლიტიკური ფაქტორები ზემოქმედებს პროცესზე, მათ შორის ისეთები, როგორებიცაა არჩევნები, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები და სხვა;
  • კანონი თავისი არსით დიდი რისკის მატარებელია, რაც გამოიხატება შემდეგში. თუ სააგენტოს ან მთავრობის მიერ არასამართლიანად იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმპორტიორის მიმართ, მიზანმიმართული თუ დილეტანტური მიზეზების გამო, აღნიშნული ქვეყნის ეკონომიკას დაუჯდება ძალიან ძვირი. ეს იქნება პირდაპირი მესიჯი ინვესტორებისათვის, თავი შეიკავონ საქართველოს ბაზარზე ოპრერირებისაგან.  შესაბამისად, სისტემის სამართლიან და ეფექტიან მუშაობაზე დამოკიდებულია როგორც რეფორმის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური წარმატება;
  • კანონმდებლობას გავლენა ექნება ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზეც. კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარებას პირდაპირი კავშირი აქვს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებზე, ასევე ადგილობრივ მომხმარებლებზეც. დემპინგის დადასტურების შემთხვევაში, იმპორტირებულ საქონელზე მოხდება ფასის ზრდა იმგვარად, რომ მან აღმოფხვრას დარგისთვის მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ დაცულობა ადგილობრივ მწარმოებლების უბიძგებს სამომხმარებლო ფასის გაზრდისკენ შესაბამის პროდუქციაზე.  გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია, რომ გაძვირდება როგორც იმპორტირებული საქონელი, ასევე  ადგილობრივი, შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქციაც (რომელიც გაძვირების შემთხვევაში დაიჭერს ისეთ საფასო ნიშას, რომ იყოს იმპორტირებულზე ოდნავ იაფი). საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესი აისახება მოსახლეობაზე და გაუძვირდება მოხმარებული პროდუქტის ფასი. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება საქართველოს კონტექსტში, მოსახლეობის დაბალმსყიდველუნარიანობის ფონზე. არსებობს დაშვება, რომ გაზრდილი ფასის გამო იკლოს პროდუქტზე მოთხოვნამ და საბოლოოდ დაზარალდებიან როგორც მომხმარებლები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლები. გაზრდილი ფასების გამო, ასევე შემცირდება დანაზოგების მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ინვესტიციების მხრივ. ამ ყველაფრის ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წილი უკავია დემპინგურ პროდუქციას ქვეყნის მთლიან იმპორტსა და შესაბამისად მოხმარებაში;
  • დემპინგური ღონისძიების გატარების შემდეგ, შესაძლოა ფასი გაიზარდოს ისეთ იმპორტირებულ საქონელზე, რომელსაც ადგილობრივი ინდუსტრიები ნედლეულად ან წარმოების საშუალებად იყენებენ. აღნიშნული აუცილებლად გააძვირებს საბოლოო პროდუქციის ფასს, რაც გამოიწვევს მოთხოვნის კლებას და ეკონომიკური აქტივობის შემცირებას. ასევე, შესაძლოა ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფდეს ბაზარზე არსებულ დიდი რაოდენობით პროდუქციის მიწოდებას, ვინაიდან საქართველოში წარმოება არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ იყოს თვითმყოფადი. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ უფრო გაზრდის ფასებს. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ირანული ცემენტი და სამშენებლო მასალები. ადგილობრივი მწარმოებლები, უკანასკნელი წლებია ასაჩივრებენ ირანიდან შემოტანილ  სამშენებლო მასალებზე იაფი ფასის  არსებობას და აღნიშნულს რაცხავენ დემპინგად. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ირანიდან შემოტანილ მასალებზე   დემპინგი, გაძვირდება იმპორტირებული ნედლეულის ფასი, შესაბამისად სამშენებლო სექტორს გაუძვირდება შუალედური პროდუქცია, რაც საბოლოო ჯამში უძრავ სექტორში ფასების ზრდით გამოიხატება და შემცირებული მოთხოვნით. დაზარალდებიან როგორც მომხმარებლები, ასევე მწარმოებლები. აღნიშნულ შემთხვევაში იზარალებს ქვეყნის ეკონომიკაც.
  • ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარება მოახდენს ზეგავლენას შრომის ბაზარზეც, მაგრამ ამ უკანასკნელის ეფექტი არ იქნება ცალსახად დადებითი. კერძოდ, (i) ადგილობრივ ინდუსტრიებში, რომლებსაც ადგებოდათ ზარალი, მოსალოდნელია დასაქმების ზრდა (თუ აღნიშნული სხვა ეფექტმა არ გადაწონა); (ii) კომპანიებში, რომლებიც ეწეოდნენ პროდუქტის იმპორტს დემპინგური პრაქტიკით, შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, პროდუქტზე ფასის ზრდის და შესაბამისად მოთხოვნის შემცირების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ დემპინგურმა ღონისძიებამ შესაძლოა ასეთ ფირმებს საერთოდ ბაზრიდან გასვლა აიძულონ. (iii) სექტორებში, რომლებიც იმპორტირებულ საქონელს წარმოების საშუალებად იყენებდნენ, დიდი ალბათობით შემცირდება დასაქმება. (iv) ასევე, დასაქმება შემცირდება სარეალიზაციო ობიექტებშიც, ვინაიდან შესაძლოა იკლოს მომხმარებელმა ან ანტიდემპინგური ღონისძიებით წარმოქმნილი ფასნამატის გარკვეული ოდენობა დიდმა ობიექტებმა თავის თავზე აიღონ, ამით შეამცირონ მოგება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობა;
  • კანონის მიხედვით, მთავრობას აქვს უფლება წინასწარი დასკვნის საფუძველზე იმპორტიორს დაუწესოს წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი. იმ შემთხვევაში კი, თუ შემდგომში, საბოლოო კვლევით არ დადასტურდება დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივ ინდუსტრიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, სახელმწიფო კომპანიისგან წინასაწარი ტარიფით ამოღებულ თანხას უკან უბრუნებს იმპორტიორს. აღნიშნული საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად კეთილსინდისიერი მოთამაშისათვის, რომელიც ბაზარზე არა დემპინგურ, არამედ იაფიან პროდუქციის იმპორტს ახდენს. ადგილობრივმა მწარმოებლებმა, კონკურენციის თავიდან ასარიდებლად შესაძლოა მიმართონ სააგენტოს დემპინგის მოკვლევის დაწყების თაობაზე, რა დროსაც მთავრობამ გამოიყენოს წინასწარი ტარიფი, რომელიც ისეთი მძიმე აღმოჩნდეს კომპანიისათვის, რომ მან ვერ შეძლოს აღნიშნული ფინანსური ტვირთის გადახდა და მოკვლევის დასრულებამდე მოუწიოს ბაზრის დატოვება.
  • აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტს არ ახლავს ის ძირითადი, თანმდევი ნორმატიული აქტები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება როგორც დემპინგის მოკვლევის მეთოდოლოგია, ასევე ანტიდემპინგური ტარიფების განსაზღვრის კრიტერიუმები. ნახსენები დოკუმენტების არსებობა (მუხლი 26), კანონპროექტის მიღებამდე, სრული სურათის აღსაქმელად აუცილებელი პირობაა და მისი არარსებობა ართულებს და ბუნდოვანს ხდის კანონპროექტის ზეგავლენების შეფასებას. როგორც აღვნიშნეთ, კანონპროექტი 2015 წლისათვის მომზადდა და გაუგებარია რატომ ვერ უზრუნველყო ამ დრომდე მთავრობამ ნახსენები ნორმატიული აქტების მომზადება და წარდგენა.
  • გასათვალისწინებელია დემპინგის კვლევის სირთულეები და მოკვლევაზე პასუხისმგებელი ორგანოს სპეციფიკაც. საერთაშორისო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ დემპინგის საკითხების კვლევა ძალიან დიდ ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ინსტიტუციურ  და ადამიანურ რესურსთანაა დაკავშირებული, ვინაიდან დემპინგის დადგენა წარმოადგენს კომპლექსურ და შრომატევად პროცესს, რომელიც საჭიროებს ქვეყანათაშორის აქტიურ თანამშრომლობას და სიღრმისელ გამოძიებას. ამ პროცესში კი საკვანძო როლს ასრულებენ ძლიერი, პროფესიონალი კადრები და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სტატისტიკის სამსახურიც.  ინიცირებული კანონის პროექტით, საქართველოში  მოკვლევის ორგანოდ კონკურენციის სააგენტო განისაზღვრა.  კონკურენციის სააგენტო ოპერირებს მხოლოდ შიდა ბაზარზე და არ ფარავს საერთაშორისო არეალს, შესაბამისად კონტაქტების მოძიება, როგორც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებთან, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან რიგ სირთულეებთან და დროში გაწელილ პროცესთან  იქნება დაკავშირებული. ამასთანავე,  უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯარო სექტორში არსებული და ამ შემთხვევაში კანონით გაწერილი თანამდებობრივი სარგოები, ვერ უზრუნველყოფს მოკვლევისათვის საჭირო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანური რესურსის მობილიზებას.

დასკვნა

 

საქართველოს მთავრობა, 2020 წლის 1 იანვრიდან გეგმავს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონის ამოქმედებას, რომელიც დეკლარირებული მიზნის თანახმად, დაიცავს ადგილობრივ მწარმოებლებს ანტიდემპინგური იმპორტისაგან. აღსანიშნავია, რომ დემპინგის გაცხადებული პრობლემა დღეს საქართველოს ბაზარზე არ დგას. შესაბამისად, მართებულია პირველ რიგში მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი ზომების მიღება, ვინაიდან ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გაუმართლებელიც კი აღმოჩნდეს. ასევე, ანტიდემპინგური ღონისძიებების არსებობა, სპეციფიკიდან გამომდინარე შეიცავს, პოლიტიკური თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან, ადგილობრივი ბიზნესების ლობირების დიდ რისკს, რაც ჩვენი ქვეყნის დაუბალანსებელი პოლიტიკური ლანჩაფტის ფონზე შესაძლოა დიდი რისკის მატარებელი აღმოჩნდეს საინვესტიციო თვალსაზრისით.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინიციატორების მხრიდან გადაიხედოს დემპინგის შემსწავლელი ორგანოს საკითხი. კერძოდ, დემპინგის მოკვლევა კანონპროექტით შემოთავაზებული სსიპ „კონკურენციის სააგენტო“ -ს მაგივრად განხორციელდეს ე.წ აუთსორსინგის გზით. პირველადი მოკვლევა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილი პრაქტიკის თანახმად, უნდა განახორციელოს ეკონომიკის სამინისტრომ და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საკითხი სიღრმისეული შესწავლისათვის გადასცეს შესაბამისი გამოცდილების მქონე, ავტორიტარულ კვლევით ორგანიზაციებს. ამ გზით, ერთი მხრივ დაიზოგება საბიუჯეტო რესურსი, მეორე მხრივ კი, შემცირდება ზეგავლენების რისკი და რეფორმას ექნება უფრო მაღალი ნდობა.

ამასთანავე, სრულყოფილი ანალიზისათვის, მთავრობამ, როგორც პარლამენტს, ასევე დაინტერესებულ მხარეებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარუდგინოს კანონის თანმდევი ნორმატიული აქტები, რათა საკითხით დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ სრული მოცემულობა საკითხის სრულყოფილი შეფასებისათვის.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებას არ ექნება ცალსახად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მიზნით გამოწვეულმა ზიანმა, შესაძლოა მნიშვნელოვნად გადააჭარბოს დემპინგური პრაქტიკით დარგისთვის მიყენებულ ზინას. კერძოდ, მწარმოებლებს გაუძვირდეთ ნედლეული და შესაბამისად გაუძვირდეთ და შეუმცირდეთ ბიზნეს აქტივობა,  მომხმარებლებს შეეზღუდოთ არჩევანი და გაუძვირდეთ პროდუქციაზე ფასები, შემცირდეს სამუშაო ადგილები გარკვეულ სექტორებში. აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივ კავშირები კი, ეკონომიკის მთლიან გამოშვებაზე უარყოფითად იმოქმედებს და შეამცირებს მთლიანი გამოშვების დინამიკას.

საერთო ჯამში,  მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ინდუსტრიებისათვის ხელის შეწყობის მიზნით და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან გამართლებული იქნება პირველ რიგში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა. ასევე, სახელმწიფოს, თვითმყოფადი და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სექტორების დაცვისთვის მიზნით შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა დაცვითი ან წამახალისებელი მექანიზმები.

 

„ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია“

© ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია

ავტორი : ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი : ანა გოგოლაძ

Leave a Reply