ჭარბვალიანობა, გამოხატული მაღალი გადახდისუუნარობით, როგორც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორი

ჭარბვალიანობა, გამოხატული მაღალი გადახდისუუნარობით, როგორც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორი

2018 წელს, საქართველოს მთავრობამ ჭარბვალიანობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოაცხადა და მასთან საბრძოლველად „პრინციპული ნაბიჯების“ გადადგა დაისახა მიზნად. 2018 და 2019 წელს საბანკო სექტორში საკმაოდ მკაცრი რეგულაციები გატარდა, რომელიც დღევანდელი შედეგების მიხედვით, მისი ხისტი ხასიათიდან გამომდინარე არ აღმოჩნდა ეფექტიანი პრობლემასთან საბრძოლველად. პირიქით, რიგ შემთხვევებში საკმაოდ სავალალო შედეგები გამოიწვია (მაგალითად სამშენებლო ბიზნესში). შესაბამისად, მთავრობამ გატარებული რეგულაციების შერბილებაზე დაიწყო ფიქრი. 

მკაცრი საბანკო რეგულაციები და სესხების გაცემის შეზღუდვა ვერც იქნებოდა ეფექტიანი პრობლემასთან საბრძოლველად, ვინაიდან პრობლემა არა ეკონომიკის მაღალი დაკრედიტების მაჩვენებელი, არამედ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონია, რომლის გამოც მოსახლეობის, კერძოდ კი მსესხებლების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავებას. 

საფინანსო სექტორის მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების და მსესხებლების დიდი მოცულობა და მისი ეტაპობრივი ზრდა არ შეიძლება შეფასდეს ნეგატიურ ტენდენციად. პირიქით, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ჯანსაღი ეკონომიკური პროცესის ნაწილია.

აღნიშნულ კონტექსტში, საინტერესო ინდიკატორია ეკონომიკის დაკრედიტება სექტორების მიხედვით. საქართველოში, საყურადღებო ტენდენციით ხასიათდება კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტების სტრუქტურა. კერძოდ, 2012-2015 წლამდე გაცემული სესხების ნახევარზე მეტი სამეწარმეო სექტორში მიიმართებოდა, 2015 წლიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკაზე გაცემული სესხების ნახევარზე მეტი შინამეურნეობისკენ მიიმართა, რაც თავისთავად არასასიამოვნო ტენდენციაა, ვინაიდან შინამეურნეობის სესხების დიდი ნაწილი მოხმარებას და არა წარმოებას ხმარდებოდა. 

ამასთანავე, საინტერესოა აბსოლუტურ მაჩვენებლებში გამოხატული დაკრედიტების სტრუქტურაც. 2012 წელს თუ შინამეურნეობაზე 3,6 მილიარდი ლარის სესხი გაიცა კომერციული ბანკების მიერ, 2019 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 430%-ითაა გაზრდილი და 15,6 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ როცა იმავე პერიოდში სამეწარმეო სექტორის დაკრედიტება 300%-ითაა გაზრდილი. 

გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ჭარბვალიანობას განვიხილავთ, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ შინამეურნეობის და არა მთლიანად ეკონომიკის დაკრედიტების ფარდობითი მაჩვენებელი. კერძოდ, ჭარბვალიანობის განსაზღვრისას ერთ ინდიკატორად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხების მოცულობის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. 2017-2019 წლის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ შინამეურნეობაზე გაცემული სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 30%-იან ზღვარში ექცევა1 . აღსანიშნავია, რომ საბანკო რეგულაციების მიუხედავად, უკანასკნელ წლებში არ შემცირებულა შინამეურნეობის დაკრედიტების ფარდობითი მაჩვენებელი. 

30%-იანი თანაფარდობა, ჭარბალიანობის თვალსაზრისით არ წარმოადგენს უარყოფით მაჩვენებელს, ვინაიდან განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორიცაა შვეიცარია, ნიდერლანდები, დანია, კანადა, ნორვეგია და სხვა, ფიზიკური პირების მიერ აღებული ვალის მოცულობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან ხშირ შემთხვევაში 100% -ს აჭარბებს, ხოლო ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული და განუვითარებელი სახელმწიფოების შემთხვევაში 10-20%-იან ზღვრებში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში აღნიშნული მაჩვეენებლი 20%-იანი ზღვარს ქვევითა; რუსეთში 18%, ხოლო თურქეთში 14% პროცენტი შეადგინა, 2019 წლის მონაცემებით. 

ჭარბვალიანობის პრობლემის იდენტიფიცირებისას, ნეგატიურად და საგანგაშოდ მიიჩნევა ის მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს მსესხებლების მაღალ და ამავდროულად მზარდ გადახდისუუნარობზე. კერძოდ, როდესაც მსესხებელი ვერ ახერხებს შეთანხმების პირობების შესრულებად და რიგი მიზეზების გამო არღვევს სასესხო ხელშეკრულებას. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 1.8 მილიონ ფიზიკურ პირს ქონდა აღებული საფინანსო ვალდებულება, ჯამში 19 მილიარდის ოდენობით (როგორც კომერციული ბანკებიდან ასევე, სხვა სახის ფინანსური ინსტიტუტებიდან). აღნიშნული მსესხებლებიდან, იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებმაც ვერ შეძლეს აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება დაახლოებით ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქეა (472 013 ფიზიკური პირი). გამოდის, რომ 2019 წლის მონაცემებით, ყოველი მეოთხე პირი (25%) ვერ ახერხებს აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას. 

აღსანიშნავია, რომ ეს ვალაუვალი მოსახლეობის რიცხოვნება კიდევ უფრო საგანგაშო იყო 2018 წელს. კერძოდ, აღნიშნულ წელს 785 ათას კაცი ვერ ახერხებდა ვალის გასტუმრებას, 2018 წლის მონაცემებით მსესხებლების საერთო რაოდენობის 41%-ია. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ვალაუვალი ფიზიკური პირების შემცირება დაკავშირებულია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან და ქართული ოცნების მიერ წინა საარჩევნო ე.წ „სესხების პატიების პროგრამასთან“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ქართუ ბაკის“ მეშვეობით, 600 ათას მსესხებელს გაუნულდა ვადაგადაცილებული სესხები. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მიერ, აღნიშნული ქმედება შეფასდა ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და ამომრჩევლების ხმების მოსყიდვად. 

ეროვნული ბანკის მონაცემებითვე ირკვევა, რომ იმ მსესხებლების რაოდენობა, რომელთაც ვადაგადაცილება 2019 წელს უფიქსირდებათ და არ უფიქსირდებათ 2018 წელს, 111 014 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი მიანიშნებს, ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

გადახდისუუნარო მსესხებლების ზრდასთან ერთად იზრდება ჯარიმების და ჩამორთმეული ქონების რაოდენობაც. მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ, 2019 წელს, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 85 მილიონ ლარს მიაღწია.

გადახდისუუნარობას, ფინანსურ სანქციებთან ერთად, ხშირად უფრო სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ, როგორიცაა მოძრავი და უძრავი ქონების ჩამორთმევა. კომერციული ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება; 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 220 მილიონ ლარს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 70 მილიონი ლარით გაიზარდა. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ჩამორთმეული ქონება 2011 წლიდან 2018 წლამდე 12-ჯერ გაიზარდა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ადგილი ჰქონდა ამ მაჩვენებლის კლებას, რაც 2018 წელს განხორციელებულ სესხების პატიების პროგრამას შეიძლება დავუკავშიროთ. 

მართალია, იზრდება ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელიც, მაგრამ მასთან ერთად აპრიორი არ უნდა იზრდებოდეს ვალაუვალობის და მისგან გამოწვეული ფინანსური სანქციების მაჩვენებლებიც. 

გადახდისუუნარობის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებითაა განპირობებული. აღნიშნულის უპირველესი მიზეზია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის მაღალი წილი, რომელიც 2012-2018 წლებში საშუალოდ მთლიანი მოსახლეობის 24%-ს შეადგენდა; ანუ ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე, სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 

მეორე გამომწვევი ფაქტორი მაღალი უმუშევრობაა. მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,6%-ს შეადგენს, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობა ქვეყნის მთავარ პრობლემად სახელდება. უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი დაკავშირებულია მეთოდოლოგიურ პრაქტიკასთან, როგორიცაა სამუშაოს ძალის მიღმა არსებულ მოსახლეობის მზარდ ნაწილი, რომლებიც სამსახურის მაძიებლების უიმედო ნაწილს წარმოადგენენ და ასევე, თვითდასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი, რომელთა უმეტესობაც სოფლად შინამეურნეობაშია დასაქმებული. 

მოსახლეობის ამ, კრიტიკულად გაჭირვებული ნაწილისათვის, ხშირ შემთხვევაში სესხის აღება წარმოადგენს მათი არსებობის უალტერნატივო გზას. შესაბამისად, მაღალია ისეთი ფინანსური ვალდებულებების აღების რისკი, რომლის გადახდასაც მოსახლეობა შემდგომში ვერ ახერხებს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იზრდებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინ კრედიტორების რიცხვი, რომლებიც ძალიან მაღალ პროცენტში გასცემენ სესხს ყოველგვარი რისკის შესწავლის გარეშე. 

აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობასთან (გამოხატული გადახდისუუნარო მსესხებლების მაღალი მაჩვენებლით) ბრძოლის საუკეთესო გზას ეკონომიკური პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და ეფექტიანი აღსრულება წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სწრაფ და მდგრად განვითარებას, სიღარიბის და უმუშევრობის შემცირებას და შემოსავლელების თანაბარ განაწილებას. 

ავტორი : ანა გოგოლაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი 

 

Leave a Reply