კორონავირუსის ეკონომიკური გავლენა მსოფლიოსა და საქართველოზე & ანტი-კრიზისული ღონისძიებები

კორონავირუსის ეკონომიკური გავლენა მსოფლიოსა და საქართველოზე & ანტი-კრიზისული ღონისძიებები

შესავალი 

2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ვუჰანში, პირველად დაფიქსირდა მანამდე უცნობი ვირუსი, რომელიც არნახული სისწრაფით გავრცელდა მთელს მსოფლიოში. COVID-19, ანუ იგივე კორონავირუსი, მძიმე რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ვაქცინის არ არსებობის პირობებში მარტივად ვრცელდება და მაღალია ლეტალური შემთხვევების რიცხვიც. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა. 

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 159 ქვეყანაში სულ 223 ათასი კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 85 ათასმა ინფიცირებულმა მოახერხა ვირუსის დამარცხება, ხოლო 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 

დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ჩინეთში, იტალიაში, ირანში, ესპანეთში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთსა და ამერიკაში ფიქსირდება. 

ფატალურმა შემთხვევებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს ჩინეთში (3,1 ათასი), იტალიასა (3 ათასი) და ირანში (1,3 ათასი) მიაღწია. 

კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

 მაღალ ადამიანურ დანაკარგთან ერთად, აღნიშნული ვირუსი უკვე ძალიან მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. COVID-19-მა მსოფლიო ეკონომიკა კრიზისის ზღვარზე დააყენა, რომელიც შესაძლოა ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე სერიოზული ფინანსური დარტყმა აღმოჩნდეს გლობალური ეკონომიკისათვის. ამ ვირუსის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებით გამოწვეულმა პროცესებმა, ტურიზმის სფეროთი დაწყებული საბანკო სექტორით დამთავრებული ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დააზარალა. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზარალი არა თავად დაავადების, არამედ მისი გავრცელების შეკავების ღონისძიებებიდან მომდინარეობს, ვინაიდან ამ ეტაპისათვის არ არსებობს ვაქცინა, რაც შეაჩერებს დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას. კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია თვითიზოლაციის შესახებ ცვლის მომხმარებლების ქცევას და ბაზარზე შესაბამისად მცირდება მოთხოვნაა თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე. საპასუხოდ, მწარმოებლები მნიშვნელოვნად ამცირებენ ან უკიდურეს შემთხვევაში ხურავენ საწარმოო პროცესს. შესაბამისად, იკლებს მიწოდებაც. საწარმოო პროცესის შეჩერება/დახურვა თავის მხრივ კი, შემოსავლების გარეშე ტოვებს დასაქმებულების დიდ ნაწილს. 

COVID-19-ის პირველმა უარყოფითმა ეკონომიკურმა ტალღამ, დაავადების გავრცელების პარალელურად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაარტყა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა და მესამეა გლობალურ წარმოებაში. მისი ეკონომიკის წილი, მსოფლიო მთიანი შიდა პროდუქტის 16%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, დიდი იქნება ის საბოლოო ზარალიც, რასაც ჩინეთში ეკონომიკური აქტივობების შეჩერება გამოიწვევს, ვინაიდან მსოფლიოს დიდი ნაწილი სწორედ ჩინეთის წარმოებაზეა დამოკიდებული. 

ჩინეთში, ვირუსის დიდი მასშტაბებით გავრცელების შემდეგ, გაუქმნდა და გადაიდო ავიარეისები, შეჩერდა წარმოებები და ვაჭრობა, შემცირდა ტურისტული ნაკადები და გაუქმნდა საჰაერო მიმოსვლები. ორმოცზე მეტმა ავიაკომპანიამ (მათ შორის, Lufthansa, British Airways, Delta და სხვა) გააუქმა ფრენები ჩინეთის მიმართულებით. სრულად ან ნაწილობრივ დახურეს წარმოებები ისეთმა ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა, როგორიცაა Apple, Hyundai, Swatch და სხვა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეჩერებული ეკონომიკური აქტივობებისა, რითაც ჩინეთის ეკონომიკამ იზარალა. 

იანვრის თვეში, ვირუსთან ერთად, იმავე ეკონომიკური პრობლემები გავრცელდა იტალიაში, ირანში, ესპანეთსა და სამხრეთ კორეაშიც, რომელსაც ჯაჭვური პრინციპით მიჰყვნენ სხვა ქვეყნებიც. მაღალი გლობალიზაციის პირობებში, როგორც დაავადების გავრცელება, ასევე კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური და ეკონომიკური ტალღის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. 

კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა ეკონომიკის ზოგიერთი დარგი. განსაკუთრებით შემცირებულია (i) ტურიზმის სექტორის მაჩვენებლები. სახელმწიფოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურად კეტავენ საზღვრებს. უკანასკნელი მონაცემებით, აღნიშნულ ღონისძიებას 25-ზე მეტმა სახელმწიფომ მიმართა. ავიაკომპანიებმა, მნიშვნელოვნად შეამცირეს და რიგ შემთხვევებში გააუქმებს მგზავრების გადაყვანა ჯერ აზიაში, შემდეგ კი აშშ–სა და ევროპაში. კერძოდ გაუქმებულია 100 ათასამდე რეისი და 1,5 მილიონზე მეტი ჯავშანი. მიუხედავად იმისა, რომ ფრენების უმრავლესობა გაუქმებულია მხოლოდ აპრლის თვის შუა რიცხვებამდე, ავიასფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის ყველაზე მძიმე კრიზისი სამოქალაქო ავიაციის არსებობის ისტორიაში. 

შესაბამისად, ტურიზმის კლება გარდაუვალი აღმოჩნდა. უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმის შემცირება მნიშვნელოვან უარყოფით ნიშნულებს უახლოვდება (წყარო: BBC). კერძოდ, კლების დინამიკა შემდეგია: 

  • აზია-წყნარი ოკეანის მიმართულებით 98%; 
  • აშშ-ს მიმართულებით 37%-ით; 
  • ევროპის მიმართულებით 31%; 
  • აფრიკის მიმართულებით 22.6%. 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებით (World Economic Forum), იმ შემთხვევაში თუ პროცესების დინამიკა გამოსწორებას არ დაიწყებს, მიმდინარე მოვლენები ტურიზმის სექტორში 50 მილიონამდე ადამიანს უმუშევარს დატოვოვებს, რაც საერთო დასაქმებულთა რაოდენობას 12-14% ფარგლებში შეამცირებს. ასევე, 3 თვით ტურისტული ნაკადების შემცირების შემთხვევაში, 2020 წელს ტურისტული მომსახურებების ბაზარი 25%-ით შემცირდება. 
 
კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი საგრძნობლად ხელშესახები აღმოჩნდა (ii) ფინანსური ბაზრებისთვისაც, აქციებზე ფასების მკვეთრი ვარდნის თვალსაზრისით. 

უკანასკნელი მონაცემებით, თებერვლის თვის შემდეგ, იაპონური Nikkei-ინდექსი 30%- ით, ამერიკული Dow Jones-ის ინდექსი 32%-ით, ხოლო ბრიტანული FTSE 250 კი 40%- ით დაეცა. Dow Jones-ის მსგავსი სიდიდის ვარდნა ბოლოს 1987 წელს დაფიქსირდა. 
 
კორონავირუსუს ეფექტი შეეხო (iii) ნავთობის ბაზარსაც. მსოფლიო ბაზარზე 8 მარტს ბარელი ნავთობის ფასი 30%-ით შემცირდა და $31 დოლარი შეადგინა. მსგავსი მკვეთრი ვარდა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ეფექტის გამო, ფასები ნავთობბაზარზე განაგრძობს ვარდნას. უკანასკნელი მონაცემებით, ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ (16 მარტი) ერთი ბარელი ნედლი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით $4-ით დაეცა და $30 დოლარი შეადგინა, WTI კი $28-მდე არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის ვარდნამ, დიდი ალბათობით შესაძლოა მასზე დამოკიდებულ ქვეყნების ეკონომიკები მნიშვნელოვნად დააზარალოს. 

მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე უარყოფითი პროცესები,, რომელიც ამ ეტაპისათვის მზარდი დინამიკით ხასიათდება, ნეგატიური მოლოდინების მყარ საფუძველს იძლევა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 0,5%-ით შემცირდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, პირველი კვარტლის ზრდის ტემპი დააკორექტირა 0%-იან მაჩვენებელზე. 

მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ, 2020 წლისათვის, პროგნოზირებული იყო მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 3%-იანი ზრდა. ამავე ორგანიზაციის უკანასკნელი განცხადების თანახმად კი, იმ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდება ვირუსის შეჩერება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.2% შემცირდება, რაც 1 ტრილიონი დოლარის დანაკარგების მომტანი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კლების პროგნოზირებული მაჩვენებელი, სამჯერ აღემატება 2009 წელს H1N1-ის, იგივე ღორის გრიპით გამოწვეულ ეკონომიკურ კლებას, რომელიც 0,5%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამასთანავე, ექსპერტების ვარაუდით, COVID-19-ის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ბევრად გადააჭარბებს 2008 წლის ფინანსურ კრიზისის შედეგებს, რისი თქმის საფუძველიც დღევანდელი დანაკარგების გათვალისწინებით უკვე არსებობს. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პროგნოზის მიუხედავად, ამ ეტაპზე რთულია კონკრეტული დასკვნების გაკეთება საბოლოო ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეფექტი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ვირუსის გავრცელების სისწრაფესა და დაფარვის არეალთან, ისევე როგორც, მისი შეჩერების დროულ ღონისძიებებთან. 

კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 

უკანასკნელი მდგომარეობით, საქართველოსთვის, მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოების მსგავსად, კრონავრიუსით გამოწეული ეკონომიკური შედეგები უარყოფითი და საკმაოდ ხელშესახებია. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები ბევრად მძიმე იქნება განვითარებადი სახელწმიფოებისთვის, ვიდრე მძლავრი ეკონომიკების მქონე, განვითარებული სახელმწიფოებისთვის. 

ეკონომიკის სექტორი, რომელსაც ყველაზე მძლავრად დაარტყა პანდემიამ ტურიზმია. აღსანიშნავია, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანია სფეროა, როგორც დასაქმებულა და თვითდასაქმებულთა რაოდენობით, ასევე მიღებული შემოსავლების მაჩვენებლითაც. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასევე, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის 20%-ზე მეტს შეადგენს. 

საქართველოში, კორონავირუსის პირველი ფაქტების გამოვლენისთანავე, შეჩერდა პირდაპირი ავია მიმოსვლა გაურკვეულ სახელწიფოებთან (ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან), რაც ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე ზარალს მიაყენებს სახელმწიფოს. ასევე, აპრილის შუა რიცხვებამდე გაუქმნდა ჯავშნები და გადაიდო რეისები თითქმის ყველა მიმართულებით. ტურიზმის მომიჯნავე, საავიაციო სექტორშიც შესაბამისად მწვავე კრიზისმა იჩინა თავი. 

ტურიზმის სექტორისთვის მიყენებული ეკონომიკური დარტყმა პირდაპირ აისახა დასაქმებულთა მდგომარეობაზეც. თვითდასაქმებულის დაახლოებით 20% (170 ათასი კაცი) ტურისტულ და მის მომიჯნავე სექტორშია დასაქმებული, 45 ათასი პირი დაქირავებით დასაქმებაშია სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში. ამასთანავე, სატრანსპორტო და ვაჭრობის სფეროში 187 ათასი პირია დასაქმებული, საიდანაც სულ მცირე 10% შემხებლობშია ტურიზმის სფეროსთან. შესაბამისად, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგებმა მხოლოდ ტურიზმის სექტორში და მის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულ 200 ათასზე მეტ პირს მიაყენა პირველადი ფინანსური დარტყმა და უმეტესწილად დატოვა შემოსავლების გარეშე. 

ფინანსურ დანაკარგს განიცდის ტურიზმის მომიჯნავე სექტორი, კერძოდ ტრანსპორტი და მგზავრთა გადაყვანა, სადაც შემცირებული ტურისტული ნაკადების და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით, საგრძნობლად იკლო აქტივობამ. 

 მეორე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სექტორი, რომელზეც კორონავირუსის ნეგატიური ეფექტი აისახა ვაჭრობაა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ტვირთბრუნვის მოცულობაც მილიარდ დოლარს აჭარბებს. შესაბამისად დაწესებული შეზღუდვები უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე. მხოლოდ თებერვალში, ჩინეთში გატანილი ექსპორტის მოცულობა 45%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ასევე, მოსალოდნელია ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობის შემცირებაც (იმპორტირებული საქონლის 10%). ეს განსაკურებით მძიმე იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვინც ჩინურ ნედლეულს საბოლოო პროდუქციის საწარმოებლად იყენებს. პროცესი თუ იმავე, უარყოფით დინამიკას შეინარჩუნებს, გრძელვადიან პერიოდში ქვეყანა მძიმე ეკონომიკური შედეგების წინაშე დადგება 

კორონავირუსის უარყოფითი შედეგი ლარის კურსზეც აისახა. უარყოფითმა მოლოდინება, ექსპორტის შემცირებამ, ტურისტული ნაკადების შეჩერებამ, გადმორიცხვებისა და უცხოური ინვესტიციების შემოდინების შეფერხებამ ბაზარზე დეფიციტი შექმნა უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე დაირღვა წონასწორობა ლარსა და დოლარს/ევროს შორის, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. ლარმა უკანასკნელ დღეებში ანტი-რეკორდი მოხსნა და დოლართან მიმართებით 3,2₾ ნიშნულს გადააბიჯა. გაუფასურების მსგავსი დიდი მასშტაბი გარკვეულ წნეხს ქმნის ინფლაციაზეც. 

COVID-19-ით გამოწვეული ფინანსური ზარალის შემსუბუქების მიზნით საჭირო ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებები 

კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქების და განეიტრალების მიზნით, სახელმწიფოებმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს. მსოფლიო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით. პირველი, (i) მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, ეროვნულმა ბანკებმა უნდა გააიაფონ ფულად რესურსებზე წვდომა, რათა მოხდეს მოხმარების წახალისება, რაც თავის მხრივ გაზრდის წარმოებასაც. მეორე, (ii) ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, უნდა დაიზოგოს არაეფექტიანი საბიუჯეტო სახსრები და მოხდეს მისი გადამისამართება მოსახლეობის ფინანსურო მხარდაჭერის მიმართულებით. 

ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს. ამერიკის შეერთებული შტატებმა 50 მლრდ აშშ დოლარი გამოყო ავიაკომპანიების დასახმარებლად. ასევე, დაიგეგმა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისათვის უმუშევრობის კომპენსაციის ზრდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა, ასევე, დააყენა ინიციატივა ხელფასის გადასახადის (იგივე საშემოსავლო გადასახადი) დროებით გაუქმების თაობაზე. იტალიის მთავრობამ 56 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო დაზარალებული ავიაკომპანიების, მოსახლეობის და გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესის გადასარჩენად. იაპონიამ 15 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო მცირე ბიზნესისათვის სესხის სახით, რათა იხსნას გაკოტრებისაგან. ასევე, აზიის მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები. 

საქართველოს მთავრობამაც დაიწყო ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მუშაობა, რომელიც ძირითადად გამოიხატა ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს კომპანიებისათვის გადასახდელი ქონების და საშემოსავლო გადასახადის 4 თვით გადავადებაში. ასევე, გამოყო 1 მილიონი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად, რაც ძირითადად გავრცელების პრევენციას მოხმარდება. 

ამჟამინდელი მდგომარეობის და მისი უარყოფითი დინამიკის გათვალისწინებით საჭიროა გადაიდგას ბევრად მასშტაბური ნაბიჯები, რომლის მიზანიც იქნება კერძო სექტორში უკვე არსებული და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმალიზაცია. მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს, როგორც ფისკალურ ასევე მონეტარულ სტიმულებზე. 

მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, სასურველია შემცირდეს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას, შეაჩერებს ლარის კურსს გაუფასურებას და გააჩენს მოხმარების სტიმულებს. 

ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები (წარმომადგენლობითი ხარჯი, სამივლინებო ხარჯი, პრემია-დანამატი და სხვა) და მაქსიმალურად შეიკვეცოს არაეფექტიანი საბიუჯეტო პროგრამებზე მისამართი სახსრები. 

ასევე, მთავრობამ შესაძლო მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ის ფინანსური ვალდებულებები, რომელიც კერძო სექტორს აკისრია სახელმწიფოს წინაშე, განსაკუთრებით იმ სექტორებში ოპერირებადი კომპანიებისათვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ვირუსის გავრცელებით. შესაბამისად, ანტიკრიზისული გეგმის აუცილებელ ღონისძიებებს წარმოადგენს ბიზნესისათვის საგადასახადო რეგულაციების შერბილება და ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადებზე მორატორიუმის გამოცხადება, რათა უფრო მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში. აღნიშნული გზით შესაძლებელი იქნება თავიდან ავიცილოთ, როგორც ბიზნესის გაკოტრების მასშტაბური ეფექტი, ასევე მოქალაქეების გაღარიბება. 

გონივრული და თანმიმდევრული ღონისძიებებით ბიზნესი ნაკლები დანაკარგებით შეძლებს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან თვითაღდგენას. 

 

 

Leave a Reply