საქართველო 2019-2020 წლის საერთაშორისო რეიტინგებში
მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური რეიტინგები ემსახურება მონაწილე ქვეყნების ცალკეული სფეროების შეფასებას და როგორც მოწინავე სფეროების, ასევე ქვეყნების ეკონომიკაში არსებული სისუსტეების გამოვლენას ისახავს მიზნად. დამკვიდრებული მიდგომის მიხედვით, უცხოელი ინვესტორები, სწორედ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგების შედეგების საფუძველზე იღებენ უცხო ქვეყანაში ბიზნესის დაწყების და ოპერირების საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.
ქვემდებარე დოკუმენტში განხილულია 2020-2019 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ანგარიშებსა და რეიტინგებში საქართველოს შეფასებები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო და საფინანსო ინდიკატორებზე.
დოკუმენტში განხილულია შემდეგი საერთაშორისო რეიტინგები, წინა წლებთან მიმართებაში:
- ბიზნესის კეთების 2020 წლის ინდექსი
- გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ინდექსი
- ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსი
- კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსი
1. ბიზნესის კეთების 2020 წლის ინდექსი
მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ბიზნესის კეთების ინდექსი (Doing Business Ranking) , იმ სახელმწიფო რეგულაციების შეფასებას წარმოადგენს, რომელიც როგორც ხელს უწყობს ბიზნესის ოპერირებას, ასევე აფერხებს მას. ინდექსის წარმოება მსოფლიო ბანკმა 2003 წლიდან დაიწყო და აფასებს 190 ქვეყნაში ბიზნეს დაწყებისა და მართვის სიმარტივეს.
საქართველოს, ინდექსში ახალი ზელანდია, სინგაპური, ჰონკონგი, დანია, სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებენ.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ბიზნესის კეთების გასამარტივებლად და ხელშესაწყობად საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ერთადერთი რეფორმა გაატარა. კერძოდ, გაზარდა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა მშენებლობების ხარისხის კონტროლი. ბიზნესის დაწყების და ოპერირების წახალისების რეფორმების სიმრავლით სამეზობლო ქვეყნებში გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელებმაც გასულ წელს ბიზნესის კეთების გამარტივების მიზნით 4-4 რეფორმა გაატარეს.
სახელმწიფოს მხრიდან, ბიზნესის ხელშემწყობი პოლიტიკისა და რეფორმების სტაგნაცია, 2020 წლის რეიტინგის ცალკეულ ინდიკატორებში, ქვეყნის პოზიციურ უკუსვლაშიც გამოიხატა. კერძოდ, საქართველომ რეიტინგის 12 ინდიკატორიდან 7 მათგანში უკანა პოზიციებზე გადაინაცვლა.
2. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ინდექსი
მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ანგარიში (The Global Competitiveness Report) წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მიმოხილვას, რომელიც 2004 წლიდან ეყრდნობა მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს. აღნიშნული ინდექსი ზომავს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიურ მზაობას, კომპლექსური შეფასების გზით.
ინდექსი, ქვეყნების შეფასებას ახდენს 4 ძირითადი მიმართულების მიხედვით, რომელიც აერთიანებს 12 ძირითად მაჩვენებს, რომელიც თავის მხრივ ჩაშლილია 98 კომპონენტად.
2019 წელს, საქართველომ კონკურენტუნარიანობის ინდექსში გაიუარესა პოზიცია და 66-ედან (2018 წ) 74-ე ადგილზე გადაინაცვლა, ჯამური 61 ქულით. საქართველოს, აღნიშნულ ინდექსში ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებსაც; რეიტინგში აზერბაიჯანი იკავებს 58-ე ადგილს, თურქეთი 61-ე ხოლო სომხეთი 69-ე ადგილს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ინდექსის მიხედვით, რეგიონში განსხვავებული მდგომარეობა იყო და საქართველო რეიტინგში უსწრებდა როგორც აზერბაიჯანს (69-ე ადგილი) ასევე სომხეთს (70-ე ადგილი).
2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოსათვის განხილული 12 მიმართულებიდან ყველაზე პრობლემატურ საკითხებს წარმოადგენს ბაზრის მოცულობა (104-ე ადგილი), ინოვაციური შესაძლებლობები (91-ე ადგილი), ფინანსური სისტემა (91 ადგილი), ჯანდაცვა (87-ე ადგილი) და მაკროეკონომიკური სტაბილურობა (84-ე ადგილი).
3. ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსი
ამერიკის შეერთებული შტატების, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის- Heritage Foundation-ის 1995 წელს შექმნილი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom) ყოველწლიურად იკვლევს 180 ქვეყანას და განსაზღვრავს მათი თავისუფლების დონეს.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნის შეფასებას 12 ინდიკატორის მიხედვით ახორციელებს, რომელიც დაყოფილია 4 ძირითად კატეგორიად: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.
ეკონომიკური თავისუფლების ას ქულიანი შკალა დაყოფილია ეკონომიკური თავისუფლების 5 დონედ და შედეგების შედარების მიზნით თითოეულ დონეს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულათა რაოდენობა.
საქართველო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯამური შეფასების კლების მიუხედავად, კვლავ მე-16 პოზიციაზეა (75,9 ქულით) და ადგილს იკავებს „უმეტესწილად თავისუფალი“ ქვეყნების რიგში. 2018 წელსაც, საქართველო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებდა 76,2 ქულით. აღნიშნული მონაცემები მცირედით გაუარესებულია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, როდესაც ქვეყანა მე-13 პოზიციაზე იყო (76 ქულით).
ქვეყნის საერთო, ჯამური შეფასების კლება გამოწვეულია სასამართლოს ეფექტიანობის, მთავრობის სამართლიანობისა და მონეტარული თავისუფლების ინდიკატორების მკვეთრი გაუარესებით.
4. კორუფციის აღქმის 2019 წლის ინდექსი
კორუფციის აღქმის ინდექსი (Corruption Perception Index) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მიერ შემუშავებულ მაჩვენებელს, რომელიც ზომავს კორუფციის აღქმის დონეს საჯარო სექტორში და ეყრდნობა ბიზნესის და ექსპერტების შეფასებებს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
ყოველწლიური ანგარიშის მიზანს, 180 სახელმწიფოში კორუფციის აღქმის დონის დადგენასა და ქვეყნების რეიტინგში რანგირებასთან ერთად, კორუფციის მიზეზების შესაძლო წყაროების დადგენა და ქვეყნებისათვის მისი აღმოფხვრის გზების შეთავაზება წარმოადგენს.
2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, (გამოქვეყნებული 2020 წელს) საქართველოში კორუფციის აღქმის მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია, რაც გამოიხატა როგორც ჯამური ქულების კლებით, ასევე პოზიციურად რეიტინგში ჩამოქვეითებით. კერძოდ, საქართველოს შეფასება, გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა და 56 ქულა შეადგინა. საქართველომ აღნიშნული ქულათა ჯამით, რეიტინგში 41 ადგილიდან, 3 პოზიციით უკან დაიხია და 44-ე ადგილი მოიპოვა, კოსტარიკას, ჩეხეთსა და ლატვიასთან ერთად.
პროგრესის თვალსაზრისით, აღსანიშნავია მეზობელი ქვეყნების შედეგები. საქართველოსგან განსხვავებით, 2019 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაიუმჯობესეს მაჩვენებლები, შესაბამისად 7 და 5 ქულით.
დასკვნა
2019-2020 წლის საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველოს ნელი პოზიციური უკუსვლა და ზოგიერთ სფეროებში განცდილი მაღალი რეგრესი, საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯს, ასევე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, საქართველოსათვის ძირითად გამოწვევად რჩება მაკროეკონომიკური გარემოს ნაკლები სტაბილურობა, ქვეყანაში არსებულ მაღალი ინფლაცია, კანონის უზენაესობის დაბალი დონე, სამართლიანი სასამართლოს არ ქონა, მაღალი დონის კორუფცია, ინფრასტრუქტურულ გამოწვევები და ინოვაციური განვითარების დაბალი მაჩვენებლები.
შესაბამისად, სახელმწიფოსთვის, საჯარო პოლიტიკის შემუშავებისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებებით რეფორმების გატარება და რესურსების მიმართვა ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რაც უზრუნველყოფს როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის ინდივიდუალურ კეთილდღეობას.