ორგანიზაციის 5 აუცილებელი ელემენტი

ორგანიზაციის 5 აუცილებელი ელემენტი

წარმატებული ორგანიზაცია უამრავი მოძრავი, რთული კომპონენტისგან შედგება. იმისათვის, რომ ამ კომპონენტებმა ჰარმონიულად, ერთობლივად იმუშავონ საერთო მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, სწორი მენეჯმენტია საჭირო.

პირობითად, შეგვიძლია ეს კომპონენტები 5 ძირითად ჯგუფად დავყოთ: იდეა, ადამიანური რესურსი, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და მონაცემთა ბაზა.

იდეა

21-ე საუკუნის ბიზნეს-გარემოში ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია ორგანიზაციის იდეა და ხედვა იყოს მარტივი, ნათელი და გასაგები. თუ არ შეგიძლიათ თქვენი კომპანიის არსი 1-2 წინადადებაში გადმოსცეთ, ის ზედმეტად რთულია.

მარტივი იდეა გაძლევთ საშუალებას უკეთესად კონცენტრირდეთ თქვენს გეგმებსა და მათი განხორციელების გზებზე. თუ ახლა ხართ კომპანიის იდეის ჩამოყალიბების ეტაპზე, შეკრიბეთ მმართველი გუნდი და შეეცადეთ შემდეგ 5 კითხვას გასცეთ პასუხი:

1.       რა არის თქვენი მთავარი ღირებულება?

2.       რა არის თქვენი მთავარი ფოკუსი?

3.       სად ხედავთ თქვენს კომპანიას 10 წლის შემდეგ?

4.       როგორია თქვენი მარკეტინგული სტრატეგია?

5.       რისი მიღწევა გინდათ შემდეგი ერთი წლის მანძილზე?

დისკუსიის ბოლოს დარწმუნდით, რომ თქვენი მოკლე და გრძელვადიანი გეგმა თანმიმდევრულია, მმართველი გუნდის წევრები კი სრულად თანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე.

ადამიანური რესურსი

ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც თქვენს კომპანიას გააჩნია, ის გუნდია, რომელიც თქვენთან მუშაობს.

ხელმძღვანელები ხშირად აღნიშნავენ, რომ „სწორი“ ხალხის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა კომპანიისთვის. სხვადასხვა ისტორიის, ასაკის, ამბიციისა და აზროვნების ადამიანების შეკრება და ერთი იდეის გარშემო გაერთიანება დიდ ძალისხმევას და მუდმივ მუშაობას მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელია განსაზღვროთ ორგანიზაციის სტრუქტურა. როდესაც გეცოდინებათ ვინ გჭირდებათ, სწორ ადამიანებსაც უფრო მარტივად შეარჩევთ სწორი პოზიციებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც შეარჩევთ, უნდა იზიარებდნენ კომპანიის იდეას, უნდა უნდოდეთ და უნდა შეეძლოთ დაკისრებული საქმიანობის შესრულება.

ადამიანური კაპიტალის შექმნა დაუსრულებელი პროცესია. თქვენ მუდმივად მოგიწევთ ადამიანების დაქირავება, გათავისუფლება, დაწინაურება, დაჯილდოვება და მათი შრომის სათანადოდ დაფასება. ნუ შეგეშინდებათ ამ ნაბიჯების და ერთ დღესაც მიხვდებით, რომ ადამიანურ რესურსში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლა.

მონაცემთა ბაზა

ამ კომპონენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემთ ობიექტურად შეხედოთ თქვენი კომპანიის მუშაობას. მაგალითად, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები ამომწურავ ინფორმაციას გაწვდიან თქვენი მომხმარებლების შესახებ. დააკვირდით, ვინ არიან ისინი, რა მოსწონთ ან არ მოსწონთ თქვენს პროდუქტსა თუ სერვისში და გაითვალისწინეთ მათი მოსაზრება.

თქვენს გუნდში აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი (ან მათი ჯგუფი) რომელიც ბაზის შექმნასა და რეპორტების მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეცადეთ, მუდმივად ადევნოთ თვალი ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გაყიდვების რაოდენობა, კონკურენტების ქცევა ბაზარზე, მომხმარებლების კმაყოფილების დონე, კომპანიის ცნობადობა და ა.შ.

ინფრასტრუქტურა

თქვენი თანამშრომლებისთვის ოფისი ის ადგილია, სადაც თავიანთი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ატარებენ. თქვენი, როგორც დამსაქმებლის ინტერესებში შედის, რომ თანამშრომლები კმაყოფილები იყვნენ სამუშაო გარემოთი.

ამისათვის, არაა საკმარისი ოფისი მხოლოდ ვიზუალურად იყოს მიმზიდველი. საჭიროა ის კომპანიის მიზნების შესაბამისად იყოს დაპროექტებული. სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ, რომ გამართული სამუშაო სივრცე თანამშრომლების (და შესაბამისად კომპანიის) პროდუქტიულობას ზრდის, ამცირებს სტრესს და ადამიანებს უქმნის მოტივაციას, უკეთესად იმუშაონ.

ტექნოლოგია

კომპანიის გამართული მუშაობა გამართული ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ თუ რაიმე მიმართულებით ფინანსური რესურსის დაზოგვას აპირებთ, შეეცადეთ, ეს მიმართულება კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა არ იყოს.

ტექნოლოგია ბევრ საქმეს გაგიმარტივებთ – თქვენ ნაკლები დრო და ადამიანი დაგჭირდებათ სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, სწორი პროგრამული უზრუნველყოფა კი საშუალებას მოგცემთ თქვენს მომხმარებელს მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება გაუწიოთ.

ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება, ამიტომ, თვალი ადევნეთ ციფრულ პროგრესს და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, ეს თქვენი ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია.

რას დაამატებდით თქვენ?

Leave a Reply